weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კობახიძე აშშ-ის საელჩოს სთხოვს, გვარამიას საქმის მოსამართლის საკითხზე განცხადება გააკეთოს

15:27 სამშაბათი, 24 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა თხოვნით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში ვიზიტის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთოს.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს დღეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა. მისი თქმით, ოპოზიცია ამერიკელ დიპლომატებს „სისხლის სამართლის დანაშაულის“ ჩადენას აბრალებს.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და მისივე კუთვნილი NGO-ების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას უკავშირდება.

რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი.

იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ღრმად სწამს, ამერიკის საელჩო მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა.

„არსებობს ასეთი გამონათქვამი - ყველა თავისი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც თავისი შიდა და გარე სპიკერებით ზუსტად ასე იქცევა. ჰგონიათ რომ ამერიკის საელჩოც ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ. მოსამართლეზე ზეწოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-2012 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა იგივეში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს სდებენ ბრალს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო – გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებისგან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა ჰქონდეთ გაგებული – როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ?“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხარში დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც „ბოროტი პოლიტკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს“.

„მინდა ამიერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით. მესმის , რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არჩარეულა და არაფრომალური მმართველობა არ უცდია, თუმცა სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა.

თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. „მთავარ არხთან“ მოსამართლემ განაცხადა, რომ ტრენინგზე აღარ მიდის, თუმცა არ უთქვამს რა მიზეზით. ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ უმჯობესია, კომენტარი აშშ-ის საელჩომ გააკეთოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

საქართველოს სახალხო დამცველისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, განაჩენი კანონთან შეუსაბამო და პოლიტიკურად მოტივირებულია. განაჩენს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]